ფრთხილად, კანის დაავადებებია!
შემთხვევითი არ არის, რომ ზღვა ითვლება სიცოცხლის წყაროდ ჩვენს პლანეტაზე. ჰაერში არსებული წყლის უწვრილესი წვეთები კურნავენ კატარალურ მოვლენებს და წმინდავენ სასუნთქ გზებს. იოდის მაღალი შემადგენლობა ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გართულებებს, სასარგებლოა ასთმით დაავადებულთათვის. ზღვის წყალი კურნავს სისხლძარღვთა დაავადებებს და ძვლის მოტეხილობებს. მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები კანს ელასტიურს ხდის, ამცირებს ცელულიტს, ამაგრებს სხეულის კუნთებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ზღვაში ცურვის დროს კანის ფორები იხსნება და ადვილად იწოვს ისეთ მინერალურ ნივთიერებებს, როგორიცაა: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი...
ეს რაც შეეხება ზღვის სასიკეთო გავლენას ჯანმრთელობაზე, მაგრამ ყველა ამ სიამოვნებასთან ერთად, თურმე ზღვის წყალში საფრთხეც იმალება. ზღვიდან ჩამობრძანდით და კანთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინა თავი? ნუ შეშინდებით, დაინფიცირება შესაძლებელია წყალში ანდა პლიაჟზე მოხდეს.
საკითხის უკეთ შესაცნობად კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტს ვეწვიეთ. ,,დღე“ ესაუბრა დერმატო–ვენეროლოგს, მედ. მეცნ. კანდიდატს თინა ქიტუაშვილს:
,,საინტერესოა, რომ სექტემბერ-ოქტომბრის თვეში მატულობს პაციენტთა რიცხვი, რომელთაც კანის სხვადასხვა პათოლოგია აღენიშნებათ. ეს ბუნებრივიცაა. სწორედ სექტემბრის დასაწყისში ბრუნდება საზოგადოების დიდი ნაწილი აგარაკებიდან.“
– არის თუ არა შემთხვევები, როდესაც კანის დაავადების გამომწვევ მიზეზად გვევლინება ზღვის წყალი?
– ზღვის წყალი თავად არავითარ შემთხვევაში არ არის დაავადების გამომწვევი. იგი შეიძლება იყოს ინფექციის გადამტანი წყარო. მაგალითისათვის, ადამიანი რომ დაინფიცირდეს სოკოთი, უნდა არსებობდეს პირველი – აგენტი, ანუ გამომწვევი ფაქტორი და მეორე, ხელშემწყობი პირობა, რათა დაავადება განვითარდეს. ხშირ შემთხვევაში ხელშემწყობია წყალი, საერთოდ სისველე, ანუ სოკოსთვის მისაღები გარემო. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ზღვიდან ჩამოსული ადამიანი შესაძლებელია იყოს ინფიცირებული, ამ შემთხვევაში წყალი უბრალოდ ინფექციის გადამტანია.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ შეიძლება ზღვაში ბანაობისას კანის სოკოვან დაავადებას ,,გადავეყაროთ“. როგორია ამ დაავადების კლინიკური სურათი?
– ყველაზე გავრცელებული ფორმა, რითაც მოგვმართავენ პაციენტები, არის სხვადასხვა ფერის პიტირიაზი. ესაა სოკოვანი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ლაქები (თეთრი, ვარდისფერი, ყავისფერი) სხეულის ზედა ნაწილში. იგი აზიანებს კანის მხოლოს და მხოლოდ ზედა შრეს, ითვლება მსუბუქ და სწრაფად განკურნებად დაავადებად. პაციენტს აქვს ძალიან მსუბუქი ქავილის შეგრძნება, იგი არ იწვევს არანაირ ორგანულ გართულებას, არ გადადის ლორწოვან გარსებზე. უყურადღებობის შემთხვევაში ლაქები შესაძლებელია მოედოს ადამიანს მთელ სხეულზე (მხოლოდ დაავადების მიშვებული მდგომარეობის დროს). სრული განკურნება საკმაოდ სწრაფად ხდება პრეპარატების მეშვეობით, მაგრამ შესაძლებელია დაავადების ბუნებრივი გზით მორჩენაც.
– რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ ადამიანი დაინფიცირდეს წყალში?
– ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს არა მარტო წყალში, არამედ პლიაჟზე, დაავადებულ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტისას, ჰიგიენის ნორმების დაუცველობისას. მაგალითად, წყალში იბანავა დაავადებულმა პიროვნებამ, შემდეგ ჩავიდა ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც დაზიანებული აქვს კანი გარუჯვის შედეგად, ანუ დარღვეული აქვს კანის მთლიანობა, არ არის აუცილებელი ეს იყოს ჭრილობა, დიდი იარა, საკმარისია უმცირესი, მიკროსკოპული ნაპრალიც კი, რათა მოხდეს დაინფიცირება. ასევე ხდება პლიაჟზე, სადაც ვერ იცავენ ჰიგიენის ნორმებს. ასე რომ, თუ თქვენ აღმოაჩინეთ სხეულზე ლაქა, პატარა კერა, რომელიც ზედაპირიდან ოდნავ ამოწეული და აქერცლილია, მაშინვე მიმართეთ ექიმ-დერმატოლოგს, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი გართულება.
– კანის კიდევ რომელი დაავადებების მატებაა მოსალოდნელი ზაფხულისა და შემოდგომის თვეებში?
– ასეთ დაავადებად (თანაც საკმაოდ გავრცელებულად) შეიძლება მივიჩნიოთ მუნი. ეს დაავადება მეტად ვრცელდება ზაფხულის თვეებში. ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანი მეტს მოგზაურობს, მიდის დასასვენებლად, უწევს სხვის საწოლ ლოგინთან და ნივთებთან შეხება, ვერ იცავს საკმარისად ჰიგიენის ნორმებს.
რაც შეეხება თავად დაავადებას, მუნიც ადვილად განკურნებადია. დღევანდელი მედიცინის მიღწევებით, შესაძლებელია მისი საწყისი სტადიის ერთ დღე-ღამეში განკურნებაც კი სპეციალური ანტიპარაზიტული მედიკამენტებით.
მუნი შეიძლება სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა კლინიკური ფორმით იყოს გამოხატული. მაგალითად, ბავშვებში დამახასიათებელია ხელისა და ფეხის გულებზე, სათესლე პარკზე ბუშტუკოვანი ან კვანძოვანი გამონაყარი. ხელისა და ფეხის გულებზე გამონაყარი არ შეინიშნება მოზრდილებში. ტკიპა, რომელიც თვალით უხილავია და კანში მრავლდება, ტოვებს სისხლიან, ქერქით დაფარულ წერტილოვან, ძირითადად, წყვილ-წყვილად ან ხაზოვნად განლაგებულ კვალს. მოზრდილებში მისი ,,საყვარელი“ ადგილებია მაჯები, ხელის თითებს შუა ნაოჭები, რბილი ადგილები, მუცლის, დუნდულების, ბარძაყების არეები. იგი არ პარაზიტობს სახეზე. ქალებში დაზიანებული უბნები შეინიშნება სარძევე ჯირკვლის არეებში. მუნი ბავშვებსა და ქალებში უფრო ადვილად ვრცელდება, ვიდრე მამაკაცებში.
მუნის საინკუბაციო პერიოდი შეადგენს 10-დღიდან 2 კვირას. დაავადების გადატანა იგივე გზით ხდება, როგორც ზემოაღწერილი დაავადების შემთხვევაში.
რაც შეეხება ჩივილებს: ავადმყოფებს აღენიშნებათ ძლიერი ქავილი, იგი განსაკუთრებით ღამის პერიოდში მძაფრდება, ლოგინში ჩაწოლისას. სითბოზე პარაზიტი აქტიურდება, იწყებს მოძრაობას, რაც იწვევს ქავილის შეგრძნებას. ადამიანი იმდენად ინტენსიურად იფხანს, რომ ჩნდება ახალი გზა ჩირქოვანი ინფექციის შეჭრისა და შეიძლება გართულება სწორედ პიოგენური (ანუ ჩირქოვანი ინფექციის) ფორმით მოხდეს.
როგორც აღვნიშნეთ, ზაფხულში მატულობს სოკოვანი და სხვა პარაზიტული დაავადებები, ამას ემატება მკბენარების გავრცელება, ანუ ინფექციის შეჭრის დამატებითი წყარო. თბილი გარემო ხელშემწყობია სტრეპტოკოკული და სტაფილოკოკური დაავადებების გავრცელებისათვის, რითაც უპირატესად ბავშვები ავადდებიან, თუმცა შესაძლებელია მოზრდილიც დაავადდეს. თავისთავად კოკები გარემოში, საგნებზე არსებობენ. თუ მოხდა მათი შეჭრა კანში, ეს იწვევს გაფანტულად ან ჯგუფურად მდებარე ჩირქოვანი, სველი კერების გაჩენას ძირითადად სახის, ხელების არეში. დაავადებისათვის დამახასიათებელია გავრცელება ახლო მდებარე არეებზე, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ კონსულტაციისათვის ექიმს, რათა არ მოხდეს პროცესის გენერალიზაცია, ანდა გართულება.
ჟურნალისტი თამარ გოზალიშვილი