როზაცეას პაპულურ–პუსტულოზური ფორმა 2  როზაცეა ვარდისფერი ფერისმჭამელ

როზაცეა – ვარდისფერი ფერისმჭამელა სახის ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა. ხშირად ავადდებიან ქალები მენოპაუზის შემდეგ.
ე ტ ი ო ლ ო გ ი ა და პ ა თ ო გ ე ნ ე ზ ი. ეტიოლოგია არ არის ცნობილი. დაავადებას ხელს უწყობს მთელი რიგი ენდოგენური ფაქტორები: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანება (განსაკუთრებით ხშირია გასტრიტები), ენდოკრინული დარღვევები საკვერცხეების დისფუნქციის, კლიმაქტერული სინდრომის სახით, აგრეთვე ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია. მაპროვოცირებელ როლს დაავადების განვითარებაში ასრულებს ინსოლაცია, ექსტრაქტული ნივთიერებების და ალკოჰოლის მიღება, ცხელ საამქროში მუშაობა, კორტიკოსტეროიდული მალამოების ხანგრძლივი გამოყენება. პროცესი რთულდება ტკიპა Demodex folliculorum-ის თანდართვით, რაც იწვევს დემოდეკოზს.
კ ლ ი ნ ი კ უ რ ი ს უ რ ა თ ი . როზაცეას საწყის სტადიაზე (ერითემატოზული) ცხვირის, ლოყების, შუბლის არეში ერითემატოზულ ფონზე აღინიშნება მრავლობითი წვრილი ტელეანგიექტაზიები. შემდეგ ამ ფონზე ვითარდება წვრილი ბრტყელი კვანძები დიამეტრით 2-4მმ და ფოლიკულური პუსტულები – ვარდისფერი ფერისმჭამელები (როზაცეას პაპულო-პუსტულოზური სტადია), რომელიც ვითარდება ლიმფოჰისტიოციტური ინფილტრატების ხარჯზე ჰიპერპლაზიური ცხიმოვანი ჯირკვლების ირგვლივ. აღინიშნება აგრეთვე შემაერთებელი ქსოვილის კეროვანი დეზორგანიზაცია, ელასტიური ბოჭკოების შესქელება, რომელიც განსაკუთრებით გამოვლინდება ბოლო ინფილტრაციულ სტადიაში, როცა კანი (განსაკუთრებით ცხვირის) არის შეგუბებული წითელი ფერის, ინტენსიურად ინფილტრირებული, რელიეფური ზედაპირით, რაც გვაძლევს რინოფიმის სურათს.
დ ი ა გ ნ ო ზ ი დგინდება კლინიკური სურათის მიხედვით. საეჭვო შემთხვევაში გამოიყენება ჰისტოლოგიური მონაცემები. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ვულგარულ ფერისმჭამელებთან, წითელ მგლურასთან.
მ კ უ რ ნ ა ლ ო ბ ა მიმართულია იმ პათოლოგიის კორექციისკენ, რომლის ფონზეც ვითარდება დერმატოზი, იმ ზეგავლენის გამორიცხვისკენ, რომელიც იწვევს სისხლის ნაკადის მოზღვავებას სახეზე (ცხელი ადგილ–სამყოფელი, ხანგრძლივი ინსოლაცია, ცხელი აბაზანების მიღება, გამაღიზიანებელი საკვები). აუცილებელია დიეტის დაცვა (ალკოჰოლის გამორიცხვა, ყავა, სუნელები, ცხარე საკვები). ინიშნება დასალევად ანტიბიოტიკები – ტეტრაციკლინის ჯგუფის, ერითრომიცინი, მინოციკლინი (როდესაც არის გამოხატული პუსტულოზური ელემენტები), გამოიყენება ანტიპროტოზოული: ტრიქოპოლი, ტიბერალი, მეტრონიდაზოლის პრეპარატები, რომლებიც ინიშნება კურსობრივად, ქინგამინური ჯგუფის პრეპარატები (დელაგილი და სხვ.), სინთეზური რეტინოიდები (როაკუტანი, იზოტრეტინოინი 0,5-0,75 მგ/კგ სხეულის წონაზე). კომპლექსურ თერაპიაში ირთვება აგრეთვე ანგიოპროტექტორები (თეონიკოლი, ტრენტალი), სედაციური პრეპარატები, A, B, C, E ჯგუფის ვიტამინები, რუტინი. ადგილობრივად ერითემატოზულ სტადიაში ინიშნება საფენები (გვირილა, მრავალძარღვა და სხვ.); პაპულო-პუსტულოზურ სტადიაში 2-5% პასტები ნაფტალანით, იქთიოლით, კუპრით, ტრიქოპოლის და მეტრონიდაზოლის გელები და კრემები, რეტინოიდები, კრიომასაჟი, ელექტროკოაგულაცია.

 

ტელეანგიექტაზიები ლოყებზე                     როზაცეას პაპულურ–პუსტულოზური ფორმა                   რინოფიმა