1. მაინტერესებს აკნეს შედეგად სახეზე არსებული დეფექტების გასწორება თუ შეიძლება?
პასუხი: კანის ანთებითი პროცესის შედეგად აკნეს შემდეგ შეიძლება დარჩეს ჰიპერპიგმენტაცია, ჰიპერტროფიული (კანის ზედაპირიდან წამოწეული) ან ატროფიული (კანის ზედაპირიდან ჩაწეული) ნაწიბურები, რაც კანის ზედაპირს უსწორმასწორო სახეს აძლევს. ამ კოსმეტიკური დეფექტების აღმოფხვრას ინდივიდუალური მიდგომა და საკმაო დრო და მოთმინება სჭირდება. თანამედროვე დერმატო-კოსმეტოლოგიას გააჩნია სხვადასხვა საშუალება აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად – თერაპიული და ქირურგიული მეთოდები: სხვადასხვა პრეპარატი, ქიმიური პილინგი, დერმაბრაზია, ლაზერული თერაპია და სხვ.
2. ვარ 16 წლის გოგონა და შუბლზე მაქვს გამონაყარი. გთხოვთ, მირჩიოთ რომელი სახის კრემი შევიძინო.
პასუხი: შენი სურათებიდან ჩანს, რომ გაქვს ცხიმიანი კანი და აკნე. თუ მენსტრუალური ციკლი არ გაქვს დარღვეული და სხვა პრობლემები არ გაქვს, შესაძლოა მხოლოდ ცხიმიანი კანისათვის ადგილობრივი მოვლის საშუალებების გამოყენება, მაგალითად, Derma clear-ის აკნეს ტრიადა სახლის პირობებში მკურნალობისათვის, სალკურას ანტიაკი, სებამედის ან ტოპი–კრემის ცხიმიანი კანის პროდუქცია. სასურველია ეს საშუალებები ექიმმა შეგირჩიოს. თუ რაიმე დარღვევა გაქვს, ჯობია, ჯერ გამოკვლევა ჩაიტარო, რადგან ისე მკურნალობას შედეგი არ ექნება.
3. ვარ 25 წლის. გამონაყარი მაქვს მხოლოდ ზურგზე. რა არ ვსინჯე, თითქმის ყველაფერი, და მაინც არ გადამივიდა. ხომ ვერ გამიწევდით კონსულტაციას, რა უნდა გავიკეთო, ან რა ანალიზი ავიღო.
პასუხი: ზურგზე გამონაყარი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს: ლაქოვანი, კვანძოვანი, ატროფიული და ასე შემდეგ. გამოაგზავნე სურათი და მომწერე რა გაწუხებს: ქავილი, ტკივილი თუ რა…
4. სახეზე მაქვს წვრილი გამონაყარი. მკურნალობას როცა ვიტარებ, სახე მშვენივრად მაქვს, ხოლო შეწყვეტის შემდეგ ისევ მაყრის. ექიმმა მირჩია დალაცილის გელი, აფთიაქში მომცეს კლინდაცინ-T, იგივე დალაცილიაო. ჯერჯერობით არაფერს არ მშველის. თქვენ რას მირჩევთ?
პასუხი: დალაცილი იგივე კლინდაცინია და ნაჩვენებია აკნეს ანთებით ელემენტებზე – წითელ კვანძებზე. არაანთებით კვანძებს – კომედონებს სჭირდება ცხიმიანი კანის მოვლის საშუალებები, სკრაბები, დასაბანი გელები და შესაძლოა კოსმეტიკური პროცედურები.
5. გარდატეხის ასაკიდან მაწუხებდა ჩირქოვანი გამონაყარი სახესა და ზურგზე, არანაირმა მკურნალობამ არ მიშველა (კუჭ-ნაწლავის მხრივ), როგორც ჩანდა ეს გამოწვეული იყო ჰორმონული დისბალანსით (ანალიზმა აჩვენა მამაკაცის ჰორმონის სიჭარბე, აღმენიშნება თმიანობაც). ერთადერთი რაც შედეგს მაძლევდა, ეს იყო ზინერიტის ლოსიონი, რომლის ხმარების შეწყვეტის შემდეგაც პრობლემა თავიდან იწყებოდა. ორსულობის დროს გამონაყარი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ზურგზე დამრჩა მუქი ლაქები (როგორც ჩანს პიგმენტაციაში გადავიდა), ლაქტაციის დროს კი საერთოდ გაქრა გამონაყარი. მაინტერესებს ლაქტაციის შეწყვეტის შემდეგ ისევ დამეწყება თუ არა ეს პრობლემა თავიდან და, თუ ასე მოხდა, როგორი მკურნალობა იქნება საჭირო?
პასუხი: როგორც ჩანს, თქვენ ჰორმონული დისბალანსი აღარ გაქვთ, რასაც ადასტურებს თქვენი წარმატებული ფეხმძიმობა და მშობიარობა, აგრეთვე კანის გაჯანმრთელება. სავარაუდოდ, არც მომავალში არ უნდა გქონდეთ აკნეს პრობლემა. [/DDET]
6. როგორ გავლენას ახდენს გარუჯვა სახის ფერისმჭამელებზე?
პასუხი: გარუჯვის შემდეგ აკნეს შემთხვევაში პაციენტებთა უმრავლესობა თავს უკეთესად გრძნობს – ჩირქოვანი ინფექცია ქრება. ასეთი დადებითი ზემოქმედება აიხსნება მზის სხივების ერთგვარი ბაქტერიოციდული თვისებით, აგრეთვე კანის ცხიმიანობის შემცირებით.
7. როაკუტანი მაქვს დანიშნული. მას შემდგომ რაც ამ მედიკამენტს ვსვამ, ტუჩები მისკდება სასტიკად. კანი მიშრება და მექერცლება. როგორ მოვიქცე? და კიდევ მაინტერესებს, როაკუტანის სრული კურსი რამდენი თვეა და გარკვეული პერიოდის შემდგომ სჭირდება თუ არა კურსს გამეორება…
პასუხი: როაკუტანი ინიშნება აკნეს მძიმე, ზოგჯერ საშუალო სიმძიმის ფორმების დროს, როდესაც სხვა მკურნალობა უშედეგოა. ამ პრეპარატით მკურნალობისას დადებით შედეგებთან ერთად მოსალოდნელია ზოგიერთი უარყოფითი მოვლენაც, მათ შორის კანის და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, რაც პრეპარატის მოხსნის შემდეგ ქრება. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია აკნეს სიმძიმის ხარისხზე და როაკუტანით მკურნალობის შედეგზე. ამ უარყოფითი მოვლენის მოსახსნელად, თქვენს შემთხვევაში, სასურველია პრეპარატის დოზის შემცირება, რაც თქვენს მკურნალ ექიმთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს.
8. მაქვს თეთრი ფერისმჭამელები ლოკალურად ჩამჯდარი კანის შრეებში. ძირითადად 3 ტიპის. ნიკაპთან მომრავლებული, რომელიც ხელის დაჭერის შედეგად თეთრ სპირალისებურ ცხიმებად გამოდის. მეორე ტიპი, კანში გამაგრებული, დასიებული, თეთრი ცხიმებია, რომელიც ძნელად გამოიწოვება ხელით. მესამე ტიპი არის თეთრი რქოვანი ბურთულები. წითელი გამონაყარი არ ფიქსირდება. ხელით წვალების შედეგად შეიძლება გაწითლდეს. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად განმიმარტოთ, რასთან გვაქვს საქმე და ეშველება, თუ არა ამ პრობლემას?
პასუხი: სავარაუდოდ, გაქვთ კომედონალური აკნე, რომლისთვისაც დამახასიათებელია თეთრი და შავი ცხიმგროვები. შესაძლოა გქონდეთ მილიუმის კვანძები (კაფსულირებული რქოვანა მასები). გამომიგზავნე სურათები. თქვენ თვითონ ნუ აწვალებთ ხელით, მიმართეთ სპეციალისტს, დერმატოლოგ-კოსმეტოლოგს.