მშრალი კანი, წარმოშობის მიზეზები და კორექციის პრინციპები

ადამინის კანი შეიცავს ორგანიზმში არსებული წყლის 20%-ს. ნორმალური ტემპერატურის პირობებში კანის ზედაპირიდან ორთქლდება დღეში 300-400 მლ წყალი. თუ ეპიდერმისიდან იმაზე მეტი რაოდენობის წყლის აორთქლება ხდება, ვიდრე მას ღრმად მდებარე შრეების უჯრედებიდან მიეწოდება, მაშინ ვითარდება კანის სიმშრალე. კანის დაბალი ტენიანობის შემთხვევაში ირღვევა მისი ფუნქცია, კერძოდ, ხდება კოლაგენური და ელასტიური სტრუქტურების დეგენერაცია.

კანის სიმშრალის კლინიკური ასპექტები

მშრალი კანის კლინიკური გამოვლინებაა: აქერცვლა, ნაპრალისებური დეფექტები, რომლის შედეგად ვითარდება ქავილი, დაჭიმვის შეგრძნება, იმატებს დაზიანებული უბნების ინფიცირების რისკი, მომატებულია მგრძნობელობა გარემოს ფაქტორებისადმი (ტემპერატურა, წყლის პროცედურები, კოსმეტიკური საშუალებები და სხვ.). გამოყოფენ მშრალი კანის 2 ტიპს: 1.შეძენილი მშრალი კანი. იგი წარმოიქმნება სხვადასხვა ეგზოგენური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, როგორიცაა ულტრაიისფერი დასხივება, მეტეოროლოგიური ფაქტორები და კანის დამუშავება სხვადასხვა მედიკამენტებით თუ კოსმეტიკური საშუალებებით. 2.კონსტიტუციურად მშრალი კანი დაკავშირებულია გენეტიკურ და ფიზიოლოგიურ ფაქტორებთან. იგი თან ახლავს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ატოპიური დერმატიტი, იქთიოზი და სხვა. უფრო ხშირად ვლინდება ბავშვებში 2-დან 6 წლამდე, რადგანაც ამ ასაკისათვის ფიზიოლოგიურად კანის მიერ ცხიმოვანი სეკრეტის გამოყოფა არის მცირე. აღსანიშნავია, რომ სიმშრალე შეიძლება გამოვლინდეს მენოპაუზისა და მოხუცებულობის პერიოდში. აქედან გამომდინარე, კანის სიმშრალის განვითარების რამდენიმე მიზეზი არსებობს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია არასასურველი კლიმატური პირობები – ძალიან მშრალი ჰავა, მკვეთრი მზე, ქარი, ყინვა, კონდიცირება, ცხელი წყლით ხშირი ბანაობა, ტუტე საპნის გამოყენება, კოსმეტიკის ჭარბი მოხმარება, ზოგიერთი დაავადება, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია, ფსორიაზი, დერმატიტი, ზოგიერთი წამლის გვერდითი ეფექტი და მემკვიდრული წინასწარგანწყობა. კანის ზედაპირის ნორმალურ მდგომარეობას, მისი გამოშრობისაგან დაცვას უზრუნველყოფს ეპიდერმისი-ეპიდერმალური ტიპის მრავალშრიანი ბრტყელი გარქოვანებადი ეპითელიუმი. განსაკუთრებულ როლს ამ პროცესებში ასრულებს რქოვანა შრე. კანის ზედაპირზე მყარდება რქოვანა შრესა და გარემოში წყლის შემცველობის ნატიფი ბალანსი. ნორმალური ტენიანობის შესანარჩულებლად არსებობს უნიკალური სტრუქტურა, რომელიც შედგება კორნეოციტებისაგან, რომელიც წარმოადგენს რქოვანა შრის უჯრედშემდგომ სტრუქტურას და მაღალსპეციალიზებული უნიკალურად ორგანიზებული უჯრედშორისი ლიპიდებისაგან. ასეთ ლიპიდებს მიეკუთვნება კერამიდები, ქოლესტეროლი, ცხიმოვანი მჟავები, ფოსფოლიპიდები, გლიკოზილკერამიდები. ამ ნივთიერებების სინთეზი ხორციელდება მარცვლოვანი შრის ლამილარულ სხეულებში, რომლებიც შემდეგ ქმნიან კორნეოციტებსშორის ბილიპიდურ შრეს. რქოვანა შრეში კერამიდების შემადგენლობა განსხვავებულია. იგი დამოკიდებულია რასაზე, ასაკზე, თანმხლებ სომატურ დაავადებებზე. მათი ფუნქციაა არა მხოლოდ წყლის შეკავება კანში, არამედ დესქვამაციის ტემპის რეგულაცია. კანის ზედაპირზე წყლისა და ლიპიდური მანტიის ფორმირება ხელს უშლის კანის გამოშრობას. ცხიმოვანი ჯირკვლებიდან გამოყოფილი კანის ცხიმი ემულგირდება საოფლე ჯირკვლის სადინრებიდან გამოყოფილ სეკრეტთან და წარმოქმნის წყლოვან-ლიპიდურ მანტიას, რომელსაც გააჩნია შემდეგი ფუნქცია: 1.ხელს უშლის კანის გამოშრობას და ხდის მას ელასტიურს. 2.მონაწილეობს ორგანიზმის თერმორეგულაციაში. 3.კანის ზედაპირზე ანეიტრალებს ტუტე რეაქციას და ინარჩუნებს მსუბუქ მჟავე pH (4.5-5.5). 4.დაბალმოლეკულური ცხიმოვანი მჟავების მეშვეობით ხელს უშლის ბაქტერიების, სოკოების, ვირუსების გამრავლებას. 5.ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების, აგრეთვე მედიკამენტებისა და ტოქსიური ნივთიერებების ექსკრეციას. ჰომეოსტაზის შენარჩუნებისათვის აუცილებელია კერატინოციტების გარქოვანების ადექვატური ტემპი. ეპითელიუმში ეს პროცესი რეგულირდება სპეციფიური ცილით პროფილაგრინით. რომელიც შემდეგ ფილაგრინში ტრანსფორმირდება. იგი უზრუნველყოფს ცალკეული ფილამენტების აგრეგაციას და რქოვანა უჯრედებიდან უჯრედშემდგომი სტრუქტურის – რქოვანა ქერცლის ფორმირებას.

კანის სიმშრალის (ქსეროზის) განვითარების ძირითადი მექანიზმი

კანის სიმშრალის განვითარების მიზეზები ამ დროისთვის კვლავ კვლევის საგნად რჩება. თუმცა ცნობილია, რომ მისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსი დაკავშირებულია 3 ძირითად ფაქტორთან: 1. რქოვანა შრეში წყლის დეფიციტთან, 2. ეპითელური უჯრედების ხშირ ცვლასთან, 3. კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევასთან. კანის რქოვანა შრის დეჰიდრატაციის შემთხვევაში კანი აქერცლილია, ქერცლები მიმაგრებულია ცენტრალური ნაწილით, ხოლო პერიფერიაზე კიდეები კანის ზედაპირიდან აწეულია. კანის ქრონიკული გაღიზიანება სხვადასხვა ობლიგატური ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების (მაგ: ულტრაიისფერი სხივები, მჟავეები) ზემოქმედებით აჩქარებს ბაზალური უჯრედების პროლიფერაციის პროცესს, რაც წარმოადგენს ანთებითი რეაქციის შედეგს. ამ დროს კერატინოციტები ვერ ასწრებენ ტრანსფორმაციას რქოვანა ქერცლებად. ეპიდერმისში ეს პათოლოგიური პროცესი ჰისტოლოგიურად ვლინდება პარაკერატოზით, რაც აქერცვლას იწვევს. კერატინოციტების დიფერენცირების პროცესის დარღვევასთან ერთად ხდება ლიპიდების წარმოქმნის შენელებაც, რომლის გამოსავალიც არის ტრანსეპიდერმალური წყლის კარგვა. ამ პროცესის შედეგია კანის სიმშრალე. რქოვანა შრეში გარქოვანებულ ქერცლებს შორის არსებული ლიპიდების რაოდენობის შემცირების გამო ირღვევა კანის ბარიერული ფუნქცია. ეს პროცესი მიმდინარეობს სხვადასხვა დერმატოზის დროს. მაგ: ატოპიური დერმატიტი, იქთიოზი, ფსორიაზი და სხვა. ამ დროს კანის ქსეროზი განპირობებულია რქოვანა შრეში კერამიდების შემადგენლობის ცვლილებით. ასევე ეპიდერმისში იცვლება ქოლესტეროლის და ცხიმოვანი მჟავეების დონე, რის გამოც დესქვამაციის ტემპი არის დაჩქარებული.

მშრალი კანის მოვლის ძირითადი პრინციპები

ნებისმიერი ტიპის კანის დროს თანამედროვე მოვლა ითვალისწინებს 2 ძირითად პრინციპს: გასუფთავება და დატენიანება.

სხეულის მშრალი კანი, ისევე როგორც სახის კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. მრავალი წელია ფართოდაა გავრცელებული მშრალი კანის მოვლის სხვადასხვა საშუალებები. ასეთია ქოლდ-კრემი, რომლის შემადგენლობაში შედის ცვილი, მინერალური ცხიმი. ასეთი კრემები თანაბრად ნაწილდება მთელ ზედაპირზე. მინერალური ცხიმი ასრულებს გამხსნელის როლს, რომელსაც შეუძლია დეკორატიული კოსმეტიკის და სხვა ეგზოგენური დაბინძურებისაგან გაწმენდა. კანის გაწმენდის უახლესი საშუალებებია არაიონური დეტერგენტები, როგორიცაა ემულსია, რომლის შემადგენლობაში შედის ცხიმოვანი მჟავა და ეთერები. მათ შეუძლიათ ნაზად გაწმინდონ კანი ისე, რომ არ მოაშორონ ზედაპირული ლიპიდები, როგორიცაა კერამიდები და ცერებროზიდები. ასეთი ემულსიები არის მსუბუქი სტრუქტურის და ფართოდ გამოიყენება მშრალი და ძალიან მშრალი კანის გასაწმენდად. მათ შემადგენლობაში შედის ლიპიდები კანის ზედაპირზე დამცავი შრის წარმოქმნის მიზნით. დასაბანი საპნების გამოყენება მშრალი კანის დროს იწვევს არამარტო სიმშრალის გაძლიერებას, არამედ ხელს უწყობს კანის ზედაპირზე მიკროორგანიზმების შეღწევას. ჩვეულებრივი საპონი უნდა შეიცვალოს თხევადი საშუალებით (შხაპის გელი მშრალი კანისთვის). იგი უკეთ უნარჩუნებს კანს სინოტივეს. პერიოდულად საჭიროა სამკურნალო აბაზანების მიღება (სალბი, გვირილა, ორკბილა). აუცილებელია სწორად იყოს შერჩეული თანამედროვე დეტერგენტები, რომლებიც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფენ კანის ოპტიმალურ გაწმენდას, ხოლო, მეორეს მხრივ, რქოვანა შრის ლიპიდების შენარჩუნებას.

მშრალი კანის მოვლის მეორე მთავარი ეტაპია მისი დატენიანება. გამოყოფენ დამატენიანებელი ნივთიერებების 3 ჯგუფს: 1. ე.წ. ქუმიქტანტები, რომლებსაც მიეკუთვნება ბუნებრივი დამატენიანებელი ფაქტორები (Natural Moisturing Factor-NMF) პოლიოლები (გლიცეროლი, სორბიტოლი), მაკრომოლეკულები (კოლაგენი, ელასტინი, დნმ) და ლიპოსომები. NMF სისტემაში შედის სხვადასხვა წყალში ხსნადი და ჰიდროფილური სუბსტანციები, რომლებიც გამომუშავდება რქოვანა შრეში უჯრედის მემბრანის ლიპიდების მიერ. მათი მთავარი წარმომადგენელია პიროლიდონკარბოლის მჟავა, შარდოვანა (10%-მდე კონცენტრაციით) და რძის მჟავა (5-10%-მდე კონცენტრაციით). 2. კანის დატენიანება ასევე მიიღწევა ტრანსეპიდერმალური წყლის კარგვის შემცირებით. ეს შესაძლებელია რქოვანა შრეზე ლიპიდების შემცველი დამცავი ფენის ფორმირებით. დამცავი ფენის წარმომქმნელ ნივთიერებებს მიეკუთვნება სუბსტანციები, რომლებიც წარმოადგენენ ნებისმიერი ემულსიის ცხიმოვან ფორმას. ასეთებია: ვაზელინი, პარაფინი, ლანოლინი, სხვადასხვა სილიკონები, პერჰიდროსკვალენი, ცვილი, რომლებიც აკავებენ წყალს ეპიდერმისში. 3. კერატოლიზური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ჰიპერკერატოზის დროს (კანის ქსეროზი, იქთიოზი) კანის დასარბილებლად და აგრეთვე კოსმეტოლოგიაში პილინგის პროცედურის ჩასატარებლად, რომლის უმთავრესი ამოცანაა კანის გაახალგაზდავება. ამჟამად თანამედროვე კერატოლიზური საშუალებების შემადგენლობაში შედის სალიცილის მჟავა, პროპილენგლიკოლი, შარდოვანა. გარდა კანის მოვლის სპეციალური საშუალებებისა, რომელიც მშრალი კანის დროს გამოიყენება (გამწმენდი და დამატენიანებელი საშუალებები), დიდი მნიშვენლობა აქვს ზოგიერთი ზოგადი ჰიგიენური პრინციპების დაცვას, როგორიცაა:

  • რეგულარული ფიზიკური ვარჯიში და კანის ზედაპირის (მათ შორის ხელის კანის) მსუბუქი მასაჟი. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კანის უჯრედებს მიეწოდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები.
  • სითხეების მიღება – ორგანიზმში სითხის დეფიციტის აღსადგენად და კანისთვის სინოტივის შესანარჩუნებლად უნდა მივიღოთ დღეში 2 ლიტრზე მეტი წყალი.
  • არ შეიძლება ძალიან ცხელი წყლით დაბანა.
  • უნდა გამოვიყენოთ საპონი ნეიტრალური pH-ით.
  • ბანაობის შემდეგ კანი უნდა შემშრალდეს ნაზად.
  • ასევე უნდა მოვერიდოთ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას, ზედმეტ გადახურებას ან გაციებას.
  • საკვები რაციონის გამდიდრება მარცვლეული კულტურით, ხილითა და ბოსტნეულით, A და C ვიტამინით მდიდარი პროდუქტებით.

 

მასალა მოამზადა ლიკა ბარელაძემ

26.07.2010