2015 წლის 23 ოქტომბერს, სასტუმრო Holiday Inn-ში წარდგენილ იქნა პირველი ქართული დერმატო-ვენეროლოგიური ატლასი – „დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის ატლასი“.
ავტორები: გიორგი გალდავა, თინა ქიტუაშვილი, ვახტანგ კვირკველია.
გამოცემული დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის ატლასის ავტორთა მიზანია, თვალსაჩინოდ აჩვენონ კანისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მრავალნაირი გამოვლინებანი, რათა დაეხმარონ ექიმს დერმატოლოგიური და ვენეროლოგიური დაავადების შეცნობაში. თითოეულ თავს ახლავს ტექსტობრივი მასალა, რაც უფრო გასაგებს ხდის თანდართული კლინიკური ფოტოსურათების შინაარსს და ამდიდრებს ექიმის პროფესიულ ლექსიკას. კლინიკური ფოტოები შერჩეულია დაავადებების სპეციფიკური ნიშნების მიხედვით და ახლავს განმარტებები დაავადებების ლოკალიზაციის, კლინიკური და სხვა მახასიათებლების მინიშნებით. იმედი გვაქვს, აღნიშნული სახელმძღვანელო გაამართლებს ავტორთა მოლოდინს და დაეხმარება ახალგაზრდა სპეციალისტებს დერმატოზებისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესწავლაში.
ატლასი განკუთვნილია უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტების, ზოგადი პროფილის ექიმებისა და დამწყები პრაქტიკოსი დერმატო-ვენეროლოგებისათვის.
აღსანიშნავია, რომ 30-35 წლის შემდეგ ეს არის პირვეი სახელმძღვანელო დერმატო-ვენეროლოგიაში.
ატლასი გამოცემულია 2015 წლის ოქტომბერში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო და საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭოს გადაწყვეტილებით.
ატლასის შეძენა შეგიძლიათ უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიებში.