მარტივი ჰერპესული ინფექცია კლინიკურად ვლინდება მთელი რიგი ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანებით (ლორწოვანი გარსები, კანი, სასქესო ორგანოები, ცნს), ჯგუფური ბუშტუკოვანი გამონაყარით კანსა და ლორწოვან გარსებზე და ახასიათებს ლატენტური მიმდინარეობა პერიოდული რეციდივებით.

მარტივი ჰერპესის გამომწვევი ვირუსი – Herpes virus hominis (HSV) თავისი ბიოლოგიური და ანტიგენური თვისებებით იყოფა ორ შტამად – HSV-1 და HSV-2. პირველი აზიანებს კანსა და ლორწოვანს, შეიძლება დააზიანოს გენიტალიუმიც, ხოლო მეორე – სასქესო ორგანოებს და იწვევს დაავადებებს ახალშობილებში. ვირუსი შეიცავს დნმ-ს, კარგად იზრდება ქათმის ემბრიონის ალანტოისურ მემბრანებზე. ინფიცირებულ უჯრედებში წარმოქმნის ბირთვშიდა ჩანართებს და გიგანტურ უჯრედებს. HSV-ის გარსი წარმოდგენილია გლიკოპროტეინებით (B1 C1 D1). ისინი იმუნური პასუხის სამიზნეს წარმოადგენენ.

არჩევენ ინფექციის ორ ფორმას: პირველადსა და მორეციდივეს. პირველადი ინფექცია ყალიბდება ადამიანის პირველადი კონტაქტით ავადმყოფთან ან ვირუსმტარებელთან. უმრავლეს შემთხვევაში რაიმე კლინიკური სურათი არ აღინიშნება; ერთეულ შემთხვევაში ადგილი აქვს საერთო მდგომარეობის დარღვევასა და ზედაპირულ ადგილობრივ ცვლილებებს. ახალშობილებსა და ჰიპოტროფულ ბავშვებში ვითარდება მძიმე ზოგადი მდგომარეობა, ხშირად ადგილობრივი ცვლილებების გარეშე, დაავადება შეიძლება დამთავრდეს სიკვდილით.

პირველადი ინფექციის გადატანის შემდეგ სისხლში ვლინდება სპეციფიკური ანტისხეულები ვირუსის მიმართ. მორეციდივე ფორმა პერსისტირებული ინფექციის, გარკვეული ანტისხეულების რაოდენობის მქონე ორგანიზმში, გააქტივების შედეგია. რეციდივები დაკავშირებულია ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითებასთან არასპეციფიკური ფაქტორების ზემოქმედებით (ულტრაიისფერი სხივები, მენსტრუაცია, ცხელება, ემოციური სტრესი). დაზიანებას, როგორც წესი, ლოკალური ხასიათი აქვს და გენერალიზაციას არ განიცდის.

ინფექცია ფართოდაა გავრცელებული ადამიანებში. ინფექციის წყაროს წარმოადგენს ავადმყოფი ან ვირუსმტარებელი. ინფექციის გადაცემა წარმოებს კონტაქტური, სქესობრივი და ჰაერ-წვეთოვანი გზით. ზოგჯერ იგი ნაყოფისათვის აღმავალ ინფექციას წარმოადგენს. ამ დროს ვირუსი ნაყოფში აღწევს თითქოს სრულიად ინტაქტური გარსებიდან. ახალშობილების ჰერპესული ინფექცია უმეტეს შემთხვევაში HSV-2-ითაა გამოწვეული, HSV-1-ით კი – მხოლოდ 15-20%-ით. თანდაყოლილ სიმახინჯეებს ვირუსი იშვიათად იწვევს. ვაგინალური გზით მშობიარობის დროს დედისაგან პირველადი ინფექციის არსებობის შემთხვევაში, ახალშობილს ინფექცია გადაეცემა 33-50%-ში. მორეციდივე ინფექციის შემთხვევაში კი – 3-5%-ში. ხშირად ანამნეზში დედები მწვავე ინფექციას არ აღნიშნავენ. დადგენილია, რომ მხოლოდ 6 თვემდე ასაკის ბავშვებს გააჩნიათ დედისაგან ტრანსპლაცენტური გზით შეძენილი ანტისხეულები. 4 წლამდე ასაკის ბავშვებში ანტისხეულების ტიტრი HSV-ის მიმართ შესამჩნევად მატულობს და 14 წლისთვის მნიშვნელოვნად იკლებს. 14 წლის ასაკიდანვე აღინიშნება მაღალი ტიტრი HSV-2-ის მიმართ. პირველადი ინფექციის გადატანის შემდეგ ადამიანი ხდება ვირუსმტარებელი თითქმის ყოველთვის მაღალი ტიტრის ანტისხეულებით; ტიტრის დაკლებისას ვითარდება რეციდივები, რომელიც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. რეციდივები მეორდება მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული ანტისხეულების სტაბილიზაცია მაღალ დონეზე. ჩვეულებრივ გვხვდება სპორადული შემთხვევები, თუმცა მჭიდრო კოლექტივში, სტაციონარებში შესაძლოა ინფექციის აფეთქება, განსაკუთრებით ზამთარში.

ვირუსი ორგანიზმში იჭრება კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან. ვირუსი უმთავრესად მრავლდება შეჭრის ადგილას ჰერპესული გამონაყარის წარმოშობით. გამონაყარი ხასიათდება ეპიდერმისის ექსუდაციური ანთებით და ეპითელიუმის დეგენერაციული მოვლენებით. ჰერპესული ინფექციისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ მორფოლოგიურ ნიშანს მიეკუთვნება ციტოლოგიური რეაქცია, რომელიც ვლინდება უჯრედთა ბირთვში ჰომოგენური ქრომატული ნივთიერების ჩართვით. ვეზიკულურ სითხეში აღინიშნება ეპითელური მრავალბირთვიანი გიგანტური უჯრედები და ლეიკოციტები. ბუშტუკების გასკდომის შემდეგ ღრუ ივსება ფიბრინითა და ბუშტუკების ნარჩენი კანის ფენით, რაც ხელს უწყობს ნაცრისფერი აპკის განვითარებას. ჰემატოგენური დისემინაცია ხდება ახალშობილებში, დისტროფიულ პირებში, ეგზემის დროს, უჯრედული იმუნიტეტის დარღვევისას და სხვ. ვირემიის გამო ზიანდება შინაგანი ორგანოები; მათში ვირუსის გამრავლების შედეგად ხდება მეორადი ვირემია. ენცეფალიტი მოზრდილებში განპირობებულია HSV-1 ვირუსის შეჭრით ტვინში ნერვული ბოჭკოების საშუალებით, ხოლო HSV-2-ისა კი ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლის გზით. სისხლში ჩნდება ვირუსმანეიტრალებელი და კომპლემენტშემბოჭავი ანტისხეულები, მაგრამ ვირუსის სუსტი ინტერფერონოგენური მოქმედების გამო დნმ არ ინაქტივირდება, რითაც უნდა აიხსნას ვირუსის ხანგრძლივი პერსისტენცია ორგანიზმში.

კლინიკური სურათი. ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 2-დან 14 დღემდე (საშუალოდ 4-5 დღე), ახალშობილებში დაავადება გამოხატულია დაბადებისთანავე ან გამოვლინდება 4-6 კვირის შემდეგ. ინფექციის გამოვლინება მრავალფეროვანია და დამოკიდებულია დაზიანების ლოკალიზაციაზე. როგორც ზემოთ იყო ნახსენები, იშვიათია ვირემიის შედეგად პროცესის გენერალიზაცია და ამით განპირობებული შინაგანი ორგანოების, მათ შორის ნერვული სისტემის დაზიანება. არჩევენ შემდეგ კლინიკურ ფორმებს: კანის დაზიანება (ტუჩების, ცხვირის, სახის, ხელების და ა.შ.), eczema herpeticum (კაპოშის ჰერპეტიფორმული დაზიანება); ლორწოვანი გარსების დაზიანება (სტომატიტი, გინგივიტი, ტონზილიტი და სხვ.); თვალის დაზიანება (კონიუქტივიტი, ბლეფარიტი, კერატიტი, კერატოირიდოციკლიტი, ქორიორეტინიტი, უვეიტი, თვალის ბადურის პერივასკულიტი, მხედველობის ნერვის ანთება); გენიტალური ფორმა (ასოს ლორწოვანის დაზიანება, ვულვის, საშოს, შორისის, ურეთრის, ენდომეტრიუმის დაზიანება და სხვ.); ნერვული სისტემის დაზიანება (ენცეფალიტი, მენინგოენცეფალიტი, ნევრიტი და სხვ.); ვისცერალური ფორმა (პნევმონია, ჰეპატიტი და სხვ.).

კანის ჰერპესული გამონაყარი ხშირად ვითარდება პირის ირგვლივ, ტუჩებზე (herpes labialis), ცხვირზე (herpes nasalis), ყურის ნიჟარაზე (herpes oticum) და ა.შ. შეიძლება იყოს მისი ნებისმიერი ლოკალიზაცია, მაგრამ იგი უფრო მეტად ვითარდება კანისა და ლორწოვანის საზღვარზე. დამახასიათებელია მორეციდივე გამონაყარიც, რომელიც უფრო ხშირად ამ ადგილებზე გვხვდება. ზოგჯერ, გამოყრამდე 1-2 დღით ადრე, იქ, სადაც შესაძლოა გამოვლინდეს ჰერპესი, ავადმყოფი უჩივის წვის და ჩხლეტის შეგრძნებას, ქავილს, მცირე ტკივილსა და დაჭიმვას. ელემენტები 0,1-0,3სმ ზომისაა, ბუშტუკები თხელკედლიანია, მათ ირგვლივ კანი შეშუპებულია და ჰიპერემიული, შიგთავსი გამჭვირვალე სეროზული სითხეა, რომელიც შეიძლება შეიმღვრეს ან ჰემორაგიული გახდეს. რამდენიმე დღეში ბუშტუკები სკდება და ფუფხის გაკეთების შემდეგ უნაწიბუროდ ქრება, შეიძლება დარჩეს ხანმოკლე სუსტი პიგმენტაცია. მეორადი ინფექციით გართულებისას საჭიროა დიფერენციაცია იმპეტიგოსთან. ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს გენერალიზებული ბუშტუკოვანი გამონაყარის სახით, ამ დროს დიფერენციაცია ტარდება ჩუტყვავილასთან. კანის ტრავმული დაზიანება ხელს უწყობს იმავე ადგილზე ჰერპესული გამონაყარის განვითარებას; მაგალითად, ხელის ან ფეხის ჭრილობისას მეორე-მესამე დღეს ვლინდება ჰერპესი. ზოგჯერ გამონაყარი ვრცელდება ლიმფური გზით (ლიმფადენიტის განვითარებით) ჯანმრთელ კანზე, რაც სარტყლისებრ ჰერპესთან მსგავსებას ქმნის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ადგილზე გამოხატულია ნევრალგია. ტრავმის ადგილას ხშირია გამონაყარის რეციდივები, რაც ზოგჯერ ბულოზური ფორმის განვითარებას იწვევს. გაკაწრულ კანში ვირუსის შეჭრა სამედიცინო პერსონალსა და მოჭიდავეებში არაიშვიათად განაპირობებს ჰერპესულ გამონაყარს („გლადიატორების ჰერპესი“), განსაკუთრებით მტკივნეულია და ღრმა დაზიანებით გამოირჩევა ჰერპესული ინფექცია ფრჩხილებთან კანის გაკაწვრისას. შეხორცება სპონტანურად მიმდინარეობს 2-3 კვირაში და ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

არჩევენ ჰერპესული ინფექციით კანის ლოკალურ და გავრცელებულ დაზიანებას. პირველ შემთხვევაში ზოგადი მდგომარეობა უმთავრესად არ ირღვევა, ტემპერატურა რჩება ნორმის ფარგლებში. მეორე ფორმისას ტემპერატურამ შეიძლება მიაღწიოს 39-40oC. ზოგჯერ აღინიშნება თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი, მაღალი ინტოქსიკაციის ფონზე შესაძლოა ღებინება, კრუნჩხვები. დაავადების პირველ სამ დღეს ერთდროულად სხვადასხვა ადგილებში: ტანზე, სახეზე, ხელებზე, ვითარდება ბუშტუკოვანი გამონაყარი რეგიონული ლიმფადენიტით, ღვიძლის გადიდებით, დაავადება გრძელდება 2-3 კვირა.

მწვავე ჰერპესული გინგივო-სტომატიტი (მწვავე ინფექციური სტომატიტი) შეიძლება იყოს პირველადი ჰერპესული ინფექციის გამოვლინება, რაც უფრო ხშირია 1-3 წლის ასაკის ბავშვებში, უფრო მოზრდილებში კი – იშვიათი. ავადმყოფები უჩივიან ტკივილებს პირის ღრუში, ნერწყვდენას, ტემპერატურა იწევს 40oC-მდე, გაძნელებულია საჭმლის მიღება. ლოყებისა და ღრძილების ლორწოვან გარსებზე ვითარდება ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომელიც მალე სკდება და წარმოშობს 1-10მმ-მდე ზომის ეროზიას ან წყლულს, რომელიც იფარება მონაცრისფრო-მოყვითალო ნადებით; აღინიშნება ყბისქვეშა ლიმფადენიტი და პროცესში შეიძლება ჩაერთოს ნუშურები. ამ დროს საჭიროა დიფერენციაცია ვულგარულ ანგინებთან. მორეციდივე სტომატიტი შეიძლება მიმდინარეობდეს ლოკალურად – რბილ სასაზე ან ტუჩებთან ახლოს, ტემპერატურული რეაქციით. ზოგიერთ ავადმყოფში ტუჩებზე ან კანის სხვა ადგილებში რეციდივიდან 7-10 დღის შემდეგ რეგულარულად ვითარდება ჰერპესული გამონაყარი, შეიძლება დაერთოს პოლიმორფული გამონაყარი ერითემის სახით, გავრცელებული სტომატიტი.

თვალის დაზიანება შეიძლება განაპირობოს, როგორც პირველადმა ჰერპესულმა ინფექციამ, ასევე მორეციდივე ფორმამ. პირველ შემთხვევაში თვალი ზიანდება იზოლირებულად, ხოლო მეორის დროს თვალის დაზიანება შერწყმულია კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებასთან. ოფთალმოჰერპესი ინფექციის მძიმე გამოვლინებაა და მიმდინარეობს ფოლიკულური, კატარული ან ვეზიკულურ-წყლულოვანი კონიუნქტივიტით. ამ დროს კონიუნქტივა შეშუპებულია და ჰიპერემიულია, აღინიშნება ჩირქდენა და ბლეფაროსპაზმი, პირველადი ინფექციის დროს სახეზეა რეგიონული ლიმფადენიტი. ჰერპესული პროცესის გაღრმავებისას ვითარდება კერატოკონიუნქტივიტი, უვეიტი, კატარაქტა, ქორიორეტინიტი, რამაც შეიძლება განაპირობოს მხედველობის დაკარგვა, განსაკუთრებით ახალშობილებში.

გენიტალური ჰერპესი. მცირე ასაკის ბავშვებში გენიტალიუმის ინფიცირება ხდება მეორადად, სხვა ორგანოების დაზიანებასთან ერთად. ინფექციის გადატანა ხდება ჭუჭყიანი ხელებით, ხელსახოცით, საცვლებით, მშობიარობისას ახალშობილების დაინფიცირება ავადმყოფ მშობლებთან კონტაქტის შედეგია. გენიტალური ჰერპესული ინფექცია შეიძლება მიმდინარეობდეს ქრონიკულად და რეციდივებით. გენიტალური ჰერპესი უფრო მოზრდილების დაავადებაა, რომელიც სქესობრივი კონტაქტის დროს გადაეცემა და რიგი ოჯახებისთვის პრობლემას წარმოადგენს. დადგენილია, რომ მცირე ასაკის ბავშვებში 5–10%ში ინფიცირება გამოწვეულია HSV-I შტამით. მოზრდილებში გენიტალიუმის დაინფიცირება გამოწვეულია HSV-2 შტამით. დაავადება იწყება იმ შემთხვევაში, როცა სისხლში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები არ არის. ავადმყოფის საერთო მდგომარეობა ირღვევა, ტემპერატურა მატულობს, დიდდება რეგიონული ლიმფური კვანძები, ვითარდება დიზურიული მოვლენები. ჰიპერემიული და შეშუპებული გენიტალიუმის კანსა და ლორწოვანზე ჰერპესული გამონაყარი ვლინდება ეროზიული და წყლულოვანი ელემენტების სახით. გოგონებში გამონაყარი შეიძლება იყოს დიდ და მცირე ბაგეებზე, შორისზე, ბარძაყების მედიალურ ზედაპირებზე, საშოს ლორწოვანზე, კლიტორზე, ანუსზე. ქალებში პროცესში შეიძლება ჩაერთოს საშო და ვულვაც. პირველადი ინფექციის საშვილოსნოს ყელზე ლოკალიზაციისას, მისთვის დამახასიათებელია რეციდივები, რომელიც მიმდინარეობს რაიმე კლინიკური სიმპტომატიკის გარეშე; სწორედ ეს ადგილი წარმოადგენს ინფექციის წყაროს ახალშობილებისათვის მშობიარობისას. ვარაუდობენ, რომ HSV–2 შტამი შეიძლება იყოს საშვილოსნოს ყელის კარცინომის მიზეზი. მამაკაცებში ჰერპესული გამონაყარი ლოკალიზდება ასოს თავზე, სათესლე პარკის კანზე და შეიძლება გავრცელდეს შარდის ბუშტზეც.

ნერვული სისტემის დაზიანება უფრო ხშირია ახალშობილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში და ჩვეულებრივ, ვირემიის შედეგია. იმუნიტეტისა და ცილოვანი ცვლის მკვეთრი დარღვევისას ლოკალურმა ჰერპესულმა ინფექციამ შეიძლება მიიღოს ვირუსის ჰემატოგენური დისემინაციის ხასიათი და განაპირობოს ნერვული სისტემის ისეთი დაზიანება, როგორიცაა: ენცეფალიტი, მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი, მენინგოენცეფალორადიკულიტი. ლეტალური გამოსავლისას სექციაზე ნახულობენ ტვინის ქერქის მწვავე ჰემორაგიულ დაზიანებას, უმთავრესად შუბლის, საფეთქლის და კეფის წილებში, რასაც თან ახლავს პერივასკულური ლიმფოჰისტიოციტური და ლეიკოციტური ინფილტრაცია ოქსიფილურბირთვიანი ჩანართებით. კლინიკური სურათი არ გამოირჩევა თავისებურებით სხვა ვირუსული ეტიოლოგიის ნერვული სისტემის დაზიანებისაგან, ლეტალობა აღწევს 40%–ს, ხოლო ინფექციის გადატანის შემდეგ, მიუხედავად სწორი მკურნალობისა, აღინიშნება გამოხატული ნევროლოგიური დეფექტები.

გენერალიზებული, სისტემური ჰერპესული ინფექცია. დაავადება ახალშობილების ხვედრია. მათი დაინფიცირება ხდება HSV-2 შტამით მშობიარობის დროს სამშობიარო გზების გავლისას ან სანაყოფე წყლების დაღვრისას. ორსულები, რომლებიც დაინფიცირებულნი არიან ჰერპესული ინფექციით, ზოგჯერ არ უჩივიან ჰერპესულ გამონაყარს, ასევე ახალშობილსაც შეიძლება გამონაყარი არ ჰქონდეს, მაგრამ იყოს სხვა გამოვლინება, როგორიცაა ჰიალინური მემბრანების დაავადება, პნევმონია და სხვა. ამ შემთხვევაში დიაგნოზი დგინდება ლაბორატორიული კვლევებით. გენერალიზებული ფორმისას ზოგჯერ სახეზეა გავრცელებული გამონაყარი კანზე, ხახის ლორწოვანზე, საყლაპავზე; პროცესში ერთვება შინაგანი ორგანოები – ფილტვები, თირკმელზედა ჯირკვლები, ღვიძლი და სხვა. დაავადება ღებულობს სეფსისურ მიმდინარეობას. დღენაკლულ ახალშობილებში მენინგოენცეფალიტი მოსალოდნელია დაბადებიდან 11–20 დღის მანძილზე. გენერალიზებული ჰერპესული ინფექციის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს კაპოშის ჰერპეტიფორმული ეგზემა. ეს დაავადება ლიტერატურაში ცნობილია სხვადასხვა სახელწოდებით – ვაქცინოფორმული პუსტულოზი, კაპოში–იულსბერგის მწვავე ვარიოლოფორმული პუსტულოზი. უმთავრესად ავადდებიან ეგზემით და ნევროდერმიტით შეპყრობილნი. ამ ფორმის ინკუბაციური პერიოდი ხანმოკლეა და შეადგენს 3–5 დღეს. იწყება უეცრად, ტემპერატურა მატულობს 39–40oC-მდე, ტოქსიკოზი პროგრესირებს სწრაფად, ვითარდება კრუნჩხვები, გონების დაკარგვა და ა.შ. გამონაყარი ჩნდება პირველ 3 დღეს და პერიოდული ხასიათისაა 2–3 კვირის მანძილზე. გამონაყარმა შეიძლება მიიღოს ჭიპის მსგავსი ფორმა, ხშირია ფართო ფუფხისებური ზედაპირი, მოსალოდნელია ნაწიბურების განვითარება. მძიმე მიმდინარეობისას ადგილი აქვს შინაგანი ორგანოებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას.

ვისცერული ფორმებისას შეიძლება განვითარდეს ჰეპატიტი, პნევმონია, ნეფრიტი   და სხვა. ჰეპატიტი ვითარდება ახალშობილებში და წარმოადგენს გენერალიზებული ფორმით გამოწვეულ დაზიანებას. კლინიკურად ვლინდება ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაციით, ღვიძლის გადიდებით, სიყვითლით, ღვიძლის ფერმენტების აქტივობით და ა.შ. პნევმონია და ნეფრიტი რაიმე კლინიკური თავისებურებებით არ გამოირჩევა სხვა ეტიოლოგიით გამოწვეული დაზიანებისაგან.    

დიაგნოზის დადგენა ძირითადად ეყრდნობა:

  1. კლინიკურ სიმპტომატიკას;
  2. დაზიანებული ადგილებიდან სათანადოდ ფიქსირებული და შეღებილი ნაცხების მიკროსკოპიით მრავალბირთვიანი უჯრედების ბირთვშიდა ჩანართების აღმოჩენა ადასტურებს ჰერპესულ ინფექციას;
  3. დაავადების დინამიკაში ანტისხეულების ტიტრის ზრდის დადგენა ELISA და ფლუორესცენცირებული ანტისხეულების გამოყენებით;
  4. ვირუსული გამოკვლევა ემბრიონული ქსოვილების კულტურაზე ბუშტუკოვანი შიგთავსის, ცხვირ–ხახის ჩამონარეცხის, ზურგის ტვინის სითხის დათესვის შედეგად ვირუსის გამოყოფა ან ტიპიური ბირთვშიდა ჩანართების დადგენა (ლიპშუტცის ნაწილაკები);
  5. ვირუსის ანტიგენების დადგენა და დნმ–ის აღმოჩენა მასალაში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით.

პროგნოზი დამოკიდებულია კლინიკურ ფორმაზე. პირველად ჰერპესულ ინფექციას უმთავრესად ახასიათებს სპონტანური კლინიკური გაჯანსაღება. გენერალიზებული ჰერპესული ინფექციისას პროგნოზი სერიოზულია, ახალშობილებში აღინიშნება ლეტალობა, უფრო მოზრდილებში ეგზემას ან ნევროდერმიტს არაკეთილსაიმედო მიმდინარეობა აქვს. მაღალი ლეტალობით გამოირჩევა ინფექცია სეფსისური მიმდინარეობისას, აგრეთვე ენცეფალიტისა და მენინგოენცეფალიტის დროს. ოფთალმოჰერპესული ინფექციისას შეიძლება თვალის რქოვანაზე ნაწიბურების განვითარება და მხედველობის დაკარგვა.

მკურნალობა. იმ ორსულებში, რომლებმაც მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე გადაიტანეს მარტივი ჰერპესი ან მშობიარობის დროს აქვთ აქტიური პროცესი, ხოლო წყლების დაღვრის შემდეგ გავიდა 4–6 საათზე ნაკლები, სასურველია ჩატარდეს საკეისრო კვეთა, რომ არ მოხდეს ახალშობილის ინფიცირება. სანაყოფე წყლების დაღვრიდან 4 საათის შემდეგ ამ ოპერაციას აზრი არ აქვს, რადგან შესაძლოა განვითარდეს აღმავალი ინფექცია.

კანისა და ლორწოვანის დაზიანებისას ადგილობრივად გამოიყენება სხვადასხვა მალამოები: 0,5% აციკლოვირი, 0,5% ფლორენალის, 0,25–0,5% თებროფენის, 0,25–0,5 რიოდოქსალის და სხვა. ეფექტური აღმოჩნდა ინტერფერონის 50%–იანი მალამო საფენების, გამოვლების და ინსტილაციის სახით. ანტისეპტიკური საშუალებებიდან იყენებენ ბრილიანტის მწვანის 1–2%-იან და მეთილენის ლურჯის 1–3%-იან სპირტხსნარებს. პირის ღრუსა და ღრძილების დასამუშავებლად გამოიყენება 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი. კერატიტების დროს რეკომენდებულია ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატები: ტრიფლუოროთიმიდინის, ვიდარაბინის, იდოქსურიდინის მალამოები, მაგრამ ისინი ვერ გვაცილებს რეციდივებს. კორტიკოსტეროიდებს კი შეუძლიათ უფრო დააზიანონ კერა, 5–იოდ–2– დეზოქსიურიდინის (იდუ) ხსნარის ან მალამოს ადგილობრივი გამოყენება იძლევა გარკვეულ ეფექტს, მაგრამ რეციდივის სიხშირეს არ ამცირებს. მძიმე ფორმებისას per os ინიშნება ბონაფტონი 0,025გრ. 2–4-ჯერ დღეში ასაკის გათვალისწინებით 5–7 დღე, ერთდროულად ხმარობენ 0,5%–იან ბონაფტონის მალამოს 10–15 დღის მანძილზე. კარგ ეფექტს იძლევა იდუ–ს ვენაში შეყვანა 0,05გრ/კგ–ზე. აციკლოვირის, ზოვირაქსის ადგილობრივი გამოყენებით შესაძლოა თავიდან ავიცილოთ ინფექციის გავრცელება, თუმცა ეს დაავადების საერთო გამოვლინებაზე არ მოქმედებს. გენიტალური ჰერპესის დროს აციკლოვირით მკურნალობა ხელს უწყობს ტკივილების, ქავილის შემცირებას, ამოკლებს ვირუსის გამოყოფის ხანგრძლივობას, მაგრამ რეციდივებს ვერ ლაგმავს. ვირუსული ენცეფალიტისას ადენინ–არაბინოზიდის ვენაში შეყვანა (10მგ/კგ–ზე 21 დღის განმავლობაში) ეფექტური აღმოჩნდა. იგი წყვეტს ჰერპესის პროგრესირებასა და ინფექციის დისემინაციას. მკურნალობა უნდა იყოს დაწყებული ადრე, კომის სტადიაში მკურნალობა არა ეფექტურია. ადენინ–არაბინოზიდის მსგავს ეფექტს იძლევა აციკლოვირი (გადასხმა ერთი საათის განმავლობაში 10მგ/კგ–ზე, ყოველ 8 საათში 14–21 დღის განმავლობაში). ახალშობილთა ჰერპესული ინფექციებისას ვირუსის ზოგიერთი შტამი ამ პრეპარატების მიმართ რეზისტენტული აღმოჩნდა, რის გამოც სისხლში არ ჩნდება ანტისხეულები; ამითაა განპირობებული, რომ ზოგიერთ ავადმყოფში კანის ფორმის მკურნალობის შემდეგ არ არის გამორიცხული ენცეფალიტის განვითარება. დაავადების მორეციდივე მიმდინარეობისას რეკომენდებულია ვიტამინოთერაპია B1, B2, B12-ით. მაღალ თერაპიულ ეფექტს იძლევა სპეციფიკური, ჰერპესის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი; ვაქცინის ეფექტი ჯერ დამტკიცებული არ არის. დიდი მნიშვნელობა აქვს სიმპტომურ მკურნალობას. ბავშვებში ჰერპესულმა სტომატიტმა და ეგზემამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ჰიპოპროტეინემია და შოკი – აქედან დიდი ყურადღება ეთმობა ჰომეოსტაზის ნორმალიზაციას. რეგულარულად უნდა ხდებოდეს პირის ღრუს გამოვლება არაგამაღიზიანებელი, სტერილური ციპრინის 1:4000 ან ზეფირანის 1:1 000 ხსნარებით. ადგილობრივად გამაყუჩებელ საშუალებებს მაგ: წებოვან ლიდოკაინს, ანესთეზინს და სხვა აღარ იყენებენ. ავადმყოფის კვება უნდა იყოს წილადური, სურვილის მიხედვით, თხელი, ფაფისებური საკვებით. აუცილებელია სტრესული ფაქტორების აცილება.

 

დაამუშავა გივი ბაქრაძემ (თსუ სამკურნალო საქმის V კურსის სტუდენტი)

2008 წელი