ვიზიტი დერმატოლოგთან
კანი ერთგვარი ბარიერია, რომელიც ორგანიზმს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს. ის მჭიდროდ უკავშირდება ჩვენს სხეულში მიმდინარე ყველა პროცესს. ასე, რომ მისი ცვლილებები, არცთუ იშვიათად, შინაგან ორგანოთა დაავადებებზე ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევებზე მიანიშნებს. თვით კანის სნეულებამ კი, თავის მხრივ, შეიძლება ავადმყოფის ზოგად მდგომარეობაზე მოახდინოს გავლენა. მკითხველთა შეკითხვებს უპასუხებს კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო– კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი სამეცნიერო–სასწავლო დარგში, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დერმატოლოგ–ვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი.
– ქალბატონო თინა, ბევრი გვთხოვს, ავუხსნათ, რა არის სირსველა.
-ყოველდღიურ სიტყვახმარებაში ამ სახელწოდებით იხსენიებენ სხვადასხვა ეტიოლოგიის რამდენიმე პათოლოგიას, რომელთაც, შესაბამისად, სიმპტომებიც სხვადასხვაგვარი აქვს. მაგალითად, სტრეპტოკოკური გენეზის მარტივ პიტირიაზსა და ზოგიერთ სოკოვან დაავადებას, მათ შორის სხვადასხვა ფერის პიტირიაზს, ტრიქოფიტიას, მიკროსპორიას.
მარტივი სირსველა, იგივე თეთრი პიტირიაზი, როგორც გითხარით, სტრეპტოკოკური დაავადებაა, რომელიც სახეზე მომრგვალო, მოთეთრო, აქერცლილ ზედაპირიან ლაქებს აჩენს. დაავადება უპირატესად ვაჟებს ემართებათ, უმთავრესად 8-დან 12 წლამდე, ზოგჯერ – უფრო ადრე ან შედარებით გვიან.
სხვადასხვა ფერის პიტირიაზის დროს ტანზე, წელს ზევით, ყავისფერი, ვარდისფერი და თეთრი, აქერცლილზედაპირიანი ლაქები წარმოიქმნება. სწორედ ლაქების ფერადოვნების გამო დაერქვა ამ პათოლოგიას ასეთი სახელი.
ტრიქოფიტია და მიკროსპორია არსებობს ანთროპონოზული (ესე იგი, ისეთი, რომელიც ადამიანისგან ადამიანს გადაედება) და ზოოანთროპონოზული (რომელიც ცხოველისაგან გადაედება ადამიანს). ზოოანთროპონოზული მიკროსპორიის შემთხვევაში დაავადების წყარო კატა ან ძაღლია, ხოლო ტრიქოფიტიის შემთხვევაში – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
ტრიქოფიტია და მიკროსპორია უმეტესად სოფლად ხვდებათ ბავშვებს, თუმცა ბოლო ხანებში ამ სნეულებათა შემთხვევები ქალაქშიც გახშირდა.
– რა სიმპტომები ავლენს ამ დაავადებებს?
– მიკროსპორია კანსა და თმას აზიანებს. თავის თმიან ნაწილზე წარმოიქმნება მომრგვალო, მკვეთრად შემოსაზღვრული ჰიპერემიული (შეწითლებული) კერები აქერცლილი ზედაპირით.
ტრიქოფიტიის დროს ზიანდება კანი, თმა და ფრჩხილები. ამ სნეულებას რამდენიმე კლინიკური ფორმა აქვს. ამას გარდა, ისიც შეიძლება, ერთი და იგივე ფორმა სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვაგვარად გამოუვლინდეს.
– როგორ მკურნალობენ სირსველას?
– სირსველა, იგივე პიტირიაზი, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, ან სტრეპტოკოკულია, ან სოკოვანი გენეზისა. მკურნალობაც გამომწვევის ბუნების მიხედვით უნდა წარიმართოს. საბედნიეროდ, არც ერთი დაავადება, რომელსაც ამ სახელწოდებით იხსენიებენ, განუკურნებელი არ არის.
– ერთ–ერთი წერილის ავტორი გვთხოვს ვურჩიოთ, როგორ უმკურნალოს ვარდისფერ სირსველას.
– ვფიქრობ, თქვენი მკითხველი ჯიბერის ვარდისფერ პიტირიაზს გულისხმობს. ეს არის ინფექციურ-ალერგიული დაავადება, რომლის დროსაც რაიმე ინფექციურ აგენტზე (შესაძლებელია, მაგალითად, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების) კანის მომატებული მგრძნობელობა აღინიშნება. ამ დროს კანს უნდა მოვარიდოთ ნებისმიერი გამღიზიანებელი: გამაღიზიანებელი საკვები, სინთეზური და შალის ტანსაცმელი, გახეხვა დაბანის დროს, ოფლიანობა. პაციენტი უნდა მოერიდოს ყოველგვარ საქმიანობას, რომელიც ოფლის გამოყოფას იწვევს. ჯიბერის ვარდისფერი პიტირიაზი ადვილად იკურნება, თუ ავადმყოფი ყველა ამ პირობას დაიცავს. სამკურნალოდ გამოიყენება ჩვეულებრივი მისაფრქვევები, მათ შორის ბავშვის ტალკიც, ანტიჰისტამინები და სტეროიდული კრემები.
– რა სიმპტომები ახასიათებს ჯიბერის ვარდისფერ პიტირიაზს?
– პირველი კლინიკური ნიშანია დედისეული ბალთა, რომელიც უმეტესად ტანზე, წელს ზევით, იშვიათად – ბარძაყის არეში ჩნდება, მომრგვალოა და ვარდისფერი აქერცლილი ზედაპირი აქვს. ის, როგორც წესი, უფრო დიდია, ვიდრე შვილეული გამონაყარი, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ კანის მეზობელ უბნებზე წარმოიქმნება. იშვიათად ავადმყოფს აწუხებს სუსტი ქავილი.
– რა იწვევს ეგზემას და როგორია მისი კლინიკური სურათი?
– ეგზემა, იგივე დერმატიტი, კანის ალერგიული ბუნების დაავადებათა ჯგუფია, რომელიც სხვადასხვა კლინიკური ფორმით ვლინდება. ამის კვალობაზე, განასხვავებენ:
* ჭეშმარიტ ეგზემას;
* სებორეულ ეგზემას;
* ბავშვთა ეგზემას (ატოპიურ დერმატიტს);
*მიკრობულ ეგზემას;
*დისჰიდროზულ ეგზემას;
* პროფესიულ ეგზემას;
ეგზემა ქავანა დერმატოზების ჯგუფს ეკუთვნის. კანზე გამონაყარს ახლავს ქავილი, ზოგჯერ შემაწუხებელი.
ეგზემას კლინიკური სურათის მრავალფეროვნება ახასიათებს. შეიძლება, კანზე ერთსა და იმავე დროს რამდენიმე ტიპის გამონაყარი წარმოიქმნას. მაგალითად, ბუშტუკოვანი, რომელსაც ერთვის სისველე, ეროზიები, ქერქები და ქავილის შედეგად გაჩენილი ექსკორიაციები (ნაკაწრები).
– როგორ მკურნალობენ ეგზემას?
– ეგზემის დროს აუცილებელია გამაღიზიანებელი ფაქტორის მოცილება, ჰიპოალერგიული დიეტა, მედიკამენტური თერაპია ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინაღმდეგო) და სედაციური საშუალებებით, ხოლო მიკრობული ეგზემის შემთხვევაში – ანტიმიკრობული პრეპარატებით. ადგილობრივი მკურნალობა კლინიკურ სურათზეა დამოკიდებული. თუ პაციენტს ეგზემის სველი ფორმა აქვს, ინიშნება გამშრობი თერაპია საფენებით, ემულსიებით ან მისაფრქვევებით, ხოლო მშრალი ფორმის დროს სტეროიდულ კრემებს და მალამოებს იყენებენ.
– რა განსხვავებაა კრემსა და მალამოს შორის?
– კრემს მალამოსთან შედარებით ნაკლებად დამარბილებელი ეფექტი აქვს, რადგან მისი ფუძე ნაკლებად ცხიმიანია, შეიცავს მეტ წყალს, რის გამოც დამატენიანებელი და გამაგრილებელი ეფექტიც მეტი აქვს, მალამოსთან შედარებით.
– მოდით, ორიოდე სიტყვით ფსორიაზსაც შევეხოთ...
– ფსორიაზი კანის ქრონიკული პათოლოგიაა და კანზე ანთებით და გარქოვანების დარღვევით გამოიხატება. ახასიათებს მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა. დაავადების გამოვლენას ხშირად ნერვული სტრესი უწყობს ხელს. უახლესი სამეცნიერო გამოკვლევები საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ფსორიაზის განვითარებაში აუტოიმუნური პროცესები მონაწილეობს.
არსებობს ფსორიაზის რამდენიმე ფორმა. გვხვდება საკმაოდ მსუბუქი ფორმები, რომელთაც ავადმყოფები ყურადღებას არც კი აქცევენ და სპეციალისტები სრულიად შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე. სამაგიეროდ, მძიმედ მიმდინარეობს ე. წ. ართროპათიული ფსორიაზი, როცა პროცესში სახსრებიცაა ჩართული. ყველაზე რთულია დაავადების ერითროდერმიული ფორმა. ამ დროს ვითარდება კანის უნივერსალური ანთება, რომელსაც ძლიერი შეწითლება და შეშუპება, დაჭიმულობა და ინტენსიური აქერცვლა ახლავს.
გამონაყარის ლოკალიზება ფსორიაზის კლინიკურ ფორმაზეა დამოკიდებული. ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმის – ვულგარული ფსორიაზის – დროს გამონაყარი მდებარეობს თავის თმიან არეში, იდაყვებისა და მუხლისთავების ზედაპირებზე, შედარებით იშვიათად – სხეულის სხვა უბნებზეც. წარმოიქმნება ინფილტრირებული, ჰიპერემიული კერა, რომელიც მოვერცხლისფრო-მოთეთრო ქერცლითაა დაფარული.
ფსორიაზის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, რომელსაც ვირჩევთ პაციენტის მდგომარეობის, დაავადების ფორმისა და სიმძიმის ხარისხის მიხედვით. ავადმყოფს ენიშნება ვიტამინები, ციტოსტატიკები და რეტინოიდები, ფოტოთერაპია (PUVA, UVB და სხვ.), სიმპტომური მკურნალობა და თერაპიის კურსი, რომელიც დაავადების ხელშემწყობი პირობების ლიკვიდაციას ისახავს მიზნად, ადგილობრივად კი უმთავრესად სტეროიდულ პრეპარატებს ვიყენებთ.
– ამჟამად რეკლამირებას უწევენ საგვარეულო ხალხური რეცეპტებით დამზადებულ უამრავ პრეპარატს, რომლებიც თითქოსდა ფსორიაზს არჩენს...
– ჩვენ, ექიმები, უძველეს ტრადიციებსა და ხალხურ მედიცინას მივესალმებით, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ბოლო დროს ძალზე მომრავლდნენ ექიმბაშები, რომლებიც თავიანთ შეთხზულ და ე.წ. „სიზმარში ნახულ“ მალამოებს მემკვიდრეობით მიღებულ რეცეპტებად ასაღებენ. ამ მალამოებს არავითარი კლინიკური აპრობაცია არ გაუვლია. ექიმბაშები, როგორც წესი, ავადმყოფებს არწმუნებენ, რომ ხანგრძლივი მკურნალობაა საჭირო, ამ ხნის მანძილზე კი პროცესი პროგრესირებს და რთულდება.
საბედნიეროდ, არიან ხალხური მედიცინის ისეთი მიმდევრებიც, რომლებიც თავიანთი მალამოების კლინიკური აპრობაციის მიზნით მოგვმართავენ და ჩვენც სიამოვნებით ვთანამშრობლობთ მათთან. უკვე აპრობირებული პრეპარატები აფთიაქებში შეაქვთ და იქ ოფიციალურად იყიდება.
– ფსორიაზისგან განკურნება შესაძლებელია?
– მკურნალობის მეშვეობით მიიღწევა კლინიკური რემისია – ავადმყოფს დაავადება, პრაქტიკულად, აღარ აწუხებს და შეიძლება, გამონაყარიც გაქრეს. ზოგჯერ რემისია ათეული წლის მანძილზეც გასტანს. ცუდი ის არის, რომ მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებით, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ, დაავადება ზოგჯერ ხელახლა მწვავდება.
– ფსორიაზის ქირურგიული მკურნალობა თუ შეიძლება?
ფსორიაზის დროს ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა სარისკოა. ის კი არა, დაზიანებული უბნის ხელით წვალებაც კი აკრძალულია, ვინაიდან ხშირად ფსორიაზის კერა სწორედ განაკაწრ და ნაოპერაციევ ადგილებზე ჩნდება.
– რა არის ვიტილიგო?
– ეს გახლავთ პიგმენტაციის ნაწილობრივი დაკარგვა, რის გამოც კანის ზოგიერთ უბანზე მოთეთრო ლაქები წარმოიქმნება. ასეთი ავადმყოფები მზის პირდაპირ სხივებს უნდა ერიდონ.
ვიტილიგო სიცოცხლისათვის საშიში არ არის. იგი აუტოიმუნურ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. მის მაპროვოცირებელ ფაქტორებს შორის შეიძლება დავასახელოთ ნერვული სტრესი, არასრულფასოვანი კვება და დასვენება, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის პარაზიტული დაავადებები. მკურნალობისთვის ზოგად და ადგილობრივ ვიტამინოთერაპიას მიმართავენ. არსებობს ადგილობრივი და ზოგადი მოხმარების ხსნარები და ტაბლეტები, რომლებიც პიგმენტი მელანინის წარმოქმნას უწყობს ხელს, მაგრამ ისინი საქართველოში, სამწუხაროდ, არ შემოდის. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, თითქოს ეს პრეპარატები განკურნების 100%-იან გარანტიას იძლეოდეს. (ინტერვიუ 2005 წელს არის ჩაწერილი)
დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დროულ დაწყებას. ვიტამინოთერაპიით ხშირად დაავადების საწყის ეტაპზევე ვახერხებთ პროცესის შეჩერებას და ზოგიერთ შემთხვევაში – ლაქების ალაგებასაც.
მკურნალობას იოლად ემორჩილებიან ბავშვები.
– კანის რომელ დაავადებებს ახასიათებს სეზონურობა?
– გაზაფხულზე ხშირად მწვავდება სხვადასხვა ფერის პიტირიაზი, რადგან დათბობასთან ერთად იწყება ოფლიანობა და ამ პათოლოგიის გამომწვევის – სოკოს გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემო იქმნება. მწვავდება ატოპიური დერმატიტიც, რომელიც ალერგიული ბუნების სნეულებაა – მოგეხსენებათ, მცენარეების ყვავილობას ალერგიული დაავადებების გამწვავება სდევს თან. მოგვიანებით, ზაფხულში, ფეხების ოფლიანობის დაწყებასთან ერთად, მწვავდება ტერფის მიკოზები. ფეხის თითებს შუა ქავილს, მაცერაციას, შეწითლებას, აქერცვლას ბევრი ყურადღებას არც კი აქცევს და ფეხის გაოფლიანებას აბრალებს. არადა, ეს აშკარად სოკოვანი დაავადებაა, რომლის განვითარებასაც ფეხის ოფლიანობა და ვიწრო ფეხსაცმელი უდავოდ უწყობს ხელს. პათოლოგია თანდათან რთულდება და წლების შემდეგ ფრჩხილებსაც აზიანებს. საერთო მოხმარების ჰიგიენური საშუალებების მეშვეობით სოკო ოჯახის სხვა წევრებსაც გადაედება.
ჟურნალისტი ნინო ჩარგეიშვილი