ფსორიაზი კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. სამწუხაროდ, ზუსტი ცნობები საქართველოში დაავადების გავრცელების შესახებ არ არსებობს, მაგრამ 2005-2015 წწ კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ანალიზით დერმატოზებს შორის მისი ხვედრითი წილია 3,0-3,5%. აშშ-ში მოსახლეობის 2% არის ფსორიაზით დაავადებული. იგი თანაბრად გვხვდება კაცებსა და ქალებს შორის და ვლინდება 10-დან 40 წლამდე ასაკში, თუმცა მისი საწყისი გამოვლენა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში. დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს მეცნიერთა აზრი, რომ იგი განპირობებულია მემკვიდრული ფაქტორით (გენეტიკური განწყობილება). იმუნოსუპრესული პრეპარატების დადებითი ეფექტის გამო ვარაუდობენ, რომ დაავადების პირველადი პათოგენეზური ფაქტორი შეიძლება იმუნოლოგიური იყოს. გარემო ფაქტორებს შეუძლიათ ფსორიაზის პროვოცირება ან გამწვავება. მაგალითად, იგი შეიძლება განვითარდეს ტრავმის ადგილზე (კებნერის ფენომენი), როგორიცაა განაკაწრი, ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ განვითარებული ჭრილობა, დამწვრობა, აგრეთვე, ვირუსული ინფექციის, წამლისმიერი ალერგიული რეაქციის, ზოგიერთი ადგილობრივი და სისტემური მედიკამენტის (მაგ. ანტიმალარიული პრეპარატები, ლითიუმი, ბეტა-ბლოკატორები, ინტერფერონ-ალფა), სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ. ზოგიერთ პაციენტს (განსაკუთრებით ბავშვებს) ფსორიაზული გამონაყარი შეიძლება გაუჩნდეს ზედა სასუნთქი გზების სტრეპტოკოკული ინფექციების გადატანის შემდეგ. სხვა ფაქტორებს, რომელთაც შეუძლიათ ფსორიაზის გამწვავება, მიეკუთვნება სტრესი, მუდმივი ემოციური დაძაბულობა, ალკოჰოლიზმი.
დაავადებას სხვადასხვა კლინიკური ფორმა ახასიათებს. ყველაზე ხშირია ბალთოვანი ფსორიაზი. ტიპური ფსორიაზული ბალთა წარმოადგენს შემოსაზღვრულ წრიულ ან ოვალურ ინფილტრირებულ ჰიპერემიულ გამონაყარს, რომელიც დაფარულია მოვერცხლისფრო-თეთრი ქერცლით.
იგი ლოკალიზებულია თავის თმიან მიდამოში (ყურების უკან), კიდურების მომხრელ ზედაპირებზე (უპირატესად იდაყვებზე და მუხლებზე), დუნდულებზე, გავის არეში და სასქესო ასოზე. შეიძლება დაზიანება აღინიშნებოდეს ფრჩხილებზე, წარბებზე, იღლიებში, ჭიპისა და ანოგენიტალურ მიდამოებში. იშვიათად დაავადება განიცდის გენერალიზაციას. ქავილი არ არის დამახასიათებელი.
ფრჩხილების დაზიანება აღენიშნება პაციენტთა 30-50% და კლინიკურად წააგავს სოკოვან ინფექციას.ფრჩხილის დაზიანება ხშირად წინ უსწრებს კანზე გამონაყარს და შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფრჩხილის ფირფიტაზე სათითესმაგვარი ჩანაჭდევებით, ონიქოლიზისით (ფრჩხილის ფირფიტის აცლა ფრჩხილის საწოლიდან), ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზით, დაზოლვით, სისხლჩაქცევებით და სხვ.
სხვა კლინიკური ფორმებიდან მნიშვნელოვანია ფსორიაზული ართრიტი, რომელიც პაციენტთა 5-10% აღენიშნება და შეიძლება გამოხატული იყოს ერთი ან რამოდენიმე სახსრის ანთებით.
ერითროდერმული ფსორიაზის (ექსფოლიაციური ფსორიაზული დერმატიტი) შემთხვევაში კანის მთელი საფარი წითელია და დაფარულია ნაზი ქერცლებით. ტიპიური ფსორიაზული გამონაყარი შეიძლება არც იყოს. მას შეიძლება თან ახლდეს ზოგადი სისუსტე და საჭირო იყოს სტაციონარული მკურნალობა.
პუსტულოზური ფსორიაზი ხასიათდება სტერილური პუსტულებით ხელის და ფეხის გულებზე (ბარბერის ფსორიაზი), ან მთელ სხეულზე (ვონ ცუმბუშის ტიპი), ტიპური ფსორიაზული გამონაყარი შეიძლება არ იყოს.
ნაოჭების ფსორიაზი აზიანებს ინტერტრიგინოზულ არეებს იღლიის, საზარდულისა და სარძევე ჯირკვლის არეების ჩათვლით. იგი ჩვეულებრივ უფროსი ასაკის ავადმყოფებში გვხვდება.
ხელისა და ფეხისგულების ფსორიაზი შესაბამისი ლოკალიზაციისაა და გამოხატულია ჰიპერკერატოზით, ან შეიძლება შედგებოდეს პუსტულების ლოკალური ჯგუფებისაგან.
წვეთისებური ფსორიაზი გვხვდება ახალგაზრდა ასაკში, ვითარდება მწვავედ, განსაკუთრებით ყელის მწვავე სტრეპტოკოკული ინფექციის შემდეგ. იგი ლოკალიზებულია სხეულზე და კიდურებზე გაფანტულად მდებარე მცირე ზომის პაპულების სახით.
ტიპურ შემთხვევაში დიაგნოზის დასმა ადვილია მხოლოდ დათვალიერებით. კანის ბიოფსია არ იძლევა სპეციფიურ დამაჯერებელ დასკვნას. დიაგნოზის დასმაში გვეხმარება ფსორიაზული ტრიადის განსაზღვრა, ოჯახური ანამნეზის არსებობა და კებნერის დადებითი რეაქცია კანის ტრავმირების დროს. დაზიანებული ფრჩხილები უნდა შემოწმდეს თანდართულ სოკოვან ინფექციაზე.
ფსორიაზის მკურნალობა დაავადების სიმძიმის შესაბამისად უნდა წარიმართოს. მსუბუქი შემთხვევების დროს საკმარისია ადგილობრივი კორტიკოსტეროიდული მალამოები, კერატოლიზური პრეპარატები (5-10% სალიცილის მჟავა), ტოპიკური ვიტამინი D-ს წარმოებულები (კალციპოტრიოლი), ანთრალინი. ზღვა და მზის მსუბუქი დასხივება კარგია, მაგრამ მზით დამწვრობამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება. მძიმე შემთხვევებში იხმარება ციტოსტატიკები (მეტოტრექსატი, ციკლოსპორინი-A). სისტემური კორტიკოსტეროიდები უკუნაჩვენებია, რადგან მისმა ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გამწვავება ან პუსტულოზური გამონაყარი. ნაჩვენებია PUVA-თერაპია (ფსორალენ + ულტრაიისფერი სხივები – 330-360 nm სიგრძის), UVB-თერაპია. შეიძლება ფოტოთერაპიის კომბინაცია ზემოთ დასახელებულ ადგილობრივ თერაპიასთან ერთად. თავის თმიან არეში გამოიყენება ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდები ლოსიონების სახით, აგრეთვე სალიცილის მჟავას და კუპრის შემცველი შამპუნები და ხსნარები. მძიმე და შეუპოვარ შემთხვევებში (პუსტულოზური და ჰიპერკერატოზული ხელის და ფეხის გულების ფსორიაზი) გამოიყენება ეტრეტინატი და იზოტრეტინოინი, მხოლოდ გათვალისწინებული უნდა იყოს ამ პრეპარატების ტერატოგენული ეფექტი. საერთოდ, ფსორიაზის მკურნალობა მკაცრად ინდივიდუალურია. ავადმყოფს უნდა აეხსნას, რომ დაავადება ქრონიკულია და იგი გამწვავებებისა და რემისიის მონაცვლეობით მიმდინარეობს. ექიმბაშების მიერ ვითომცდა დაავადების განკურნებისკენ მიმართულმა რადიკალურმა ზომებმა შეიძლება გამოიწვიოს უკურეაქცია და დაავადების დამძიმება, რასაც, სამწუხაროდ, არაიშვიათად ვხვდებით ჩვენს მოსახლეობაში.