დემოდეკოზი სახის კანის დაზიანებაა ტკიპით Demodex folliculorum.
ეტიოლოგია და პათოგენეზი. დაავადების გამომწვევი პირობით პათოგენურია. მისი აღმოჩენა შესაძლებელია სრულიად ჯანმრთელ, განსაკუთრებით ცხიმიან კანზე. ტკიპა ცხოვრობს ზრდასრული ადამიანის თმის ფოლიკულების შესართავებში, სახის კანის ცხიმოვანი ჯირკვლების სადინრებში. იგი დიდხანს ინარჩუნებს თავის აქტივობას ამ ადგილ-სამყოფელის გარეშეც. როზაცეას დროს ტკიპების აქტივობა იზრდება, აძლიერებენ პუსტულაციას (ჩირქოვან გამონაყარს) უკვე არსებული დაზიანების კერებში და ქმნიან ვარდისფერი ფერისმჭამელას და პერიორალური დერმატიტის კლინიკურ სურათს. შესაძლებელია ქუთუთოების დაზიანებაც. ვარაუდობენ, რომ ტკიპა, შესაძლოა, სხვადასხვა მიკროორგანიზმის თმის ფოლიკულებისა და ცხიმოვანი ჯირკვლების უფრო ღრმა უბნებში გადამტანი იყოს, რის შედეგადაც წარმოიქმნება დემოდექს-გრანულომა. საეჭვოა დემოდეკოზის, როგორც დაავადების, დამოუკიდებელი ფორმის არსებობა.
დიაგნოზი დასტურდება მიკროსკოპიული გამოკვლევით: სახის კანის ანაფხეკში ან ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტში ტკიპის აღმოჩენით.
მკურნალობა: მეტრონიდაზოლი, ტრიქოპოლი, ტიბერალი შიგნით მისაღებად. ადგილობრივად აკარიციდული საშუალებები: 5-10% გოგირდის, ტრიქოპოლის მალამოები, მეტრონიდაზოლის გელი. აგრეთვე ძირითადი დაავადების მკურნალობა.